TaxMe
მთავარი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 4 ოქტომბერი 2026

ეს პოლიტიკა აღწერს, რა მონაცემებს აგროვებს TaxMe, რატომ, ვის უზიარებს და რა უფლებები გაქვთ. ჩვენ ფინანსურ ინფორმაციას ვინახავთ, ამიტომ ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც მომსახურებას სჭირდება.

1.ვინ ვართ

TaxMe (taxme.ge) ეხმარება საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესებს და მათ ბუღალტრებს: შემოსავლების აღრიცხვაში, გადასახადების დათვლასა და შემოსავლების სამსახურში (RS.GE) დეკლარაციების წარდგენაში.

აქ აღწერილი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელია TaxMe, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მონაცემებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მოგვწერეთ: hello@taxme.ge.

2.რას ვაგროვებთ

  • ანგარიში: სახელი და გვარი, ელ-ფოსტა, პაროლი (ინახება მხოლოდ bcrypt ჰეშის სახით, მისი წაკითხვა შეუძლებელია), ანგარიშის ტიპი (ინდივიდუალური ან ბუღალტერი), ენა და ელ-ფოსტის დასადასტურებელი კოდი.
  • მობილურის ნომერი: თუ მიუთითებთ (ან ბუღალტერი შეიყვანს თქვენი დამატებისას), ინახება დაშიფრულად. ნომერს ადასტურებთ TaxMe-ის Telegram ბოტთან მისი გაზიარებით; ვიყენებთ შეხსენებების, დეკლარაციის სტატუსისა და RS.GE-ის კოდებისთვის.
  • საგადასახადო და ბიზნეს მონაცემები: საგადასახადო რეჟიმი, საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და მისამართი თქვენი RS.GE პროფილიდან, თქვენ მიერ დამატებული ან იმპორტირებული შემოსავლები და ხარჯები, მათი კატეგორიები, დეკლარაციები და გადახდები. ატვირთულ საბანკო ამონაწერს ვკითხულობთ ტრანზაქციების იმპორტისთვის, თავად ფაილს არ ვინახავთ.
  • RS.GE-ის მონაცემები: თუ შეინახავთ, eservices.rs.ge-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი, დაშიფრულად. მათ ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა გვთხოვთ დეკლარაციის წარდგენას ან მონაცემების იმპორტს. წარდგენისას RS.GE-ის გვერდების სკრინშოტებს ვინახავთ მაქსიმუმ 14 დღე, რომ წარუმატებელი წარდგენის მიზეზი გავარკვიოთ.
  • შეტყობინებები: თქვენი მიმოწერა AI ასისტენტთან და Telegram ბოტთან, ჩვენთან ჩატი „დახმარების“ ღილაკით, და ჩანაწერები, რომლებსაც ბუღალტერი კლიენტზე აკეთებს.
  • აპლიკაციის გამოყენება: როცა შესული ხართ, TaxMe-ის რომელ გვერდებს ხსნით და რამდენ ხანს, და ისეთი ქმედებები, როგორიცაა შემოსავლის დამატება ან RS.GE-ის დაკავშირება. ამას მხოლოდ ჩვენ ვიყენებთ, რომ დავინახოთ, სად ეჭედებიან მომხმარებლები და დავეხმაროთ. ფორმებში აკრეფილი არაფერი ჩაიწერება.
  • უსაფრთხოება და მოწყობილობები: IP მისამართი, ბრაუზერი და ოპერაციული სისტემა (მაგ. „Chrome on Windows“), შესვლების ისტორია, შესული და სანდო მოწყობილობები (შემთხვევითი ID, მხოლოდ ჰეშის სახით), პასკის საჯარო გასაღები და უსაფრთხოების მოვლენების ჟურნალი (შესვლა, პაროლის შეცვლა, ადმინის ქმედებები). პასკი თქვენს თითის ანაბეჭდს ან სახეს არასოდეს გვიგზავნის: ისინი თქვენს მოწყობილობაზე რჩება.
  • შეხსენებები: შეხსენებების პარამეტრები, Telegram-ის ჩატის ID (თუ ბოტს დააკავშირებთ) და ბრაუზერის push-გამოწერა (თუ ჩართავთ).
  • გეგმები: არჩეული გეგმა, საცდელი პერიოდისა და გამოწერის სტატუსი. საბანკო ბარათის მონაცემებს არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ.

სარეკლამო ან ანალიტიკურ ტრეკერებს არ ვიყენებთ. იხილეთ Cookie-ების პოლიტიკა.

3.როგორ და რატომ ვიყენებთ

  • მომსახურების გასაწევად (თქვენთან შეთანხმების შესასრულებლად): ჩანაწერების შენახვა, გადასახადებისა და ლიმიტების დათვლა, დეკლარაციების მომზადება და თქვენი მითითებით წარდგენა, თქვენ მიერ ჩართული შეხსენებები.
  • ანგარიშების დასაცავად (ჩვენი კანონიერი ინტერესი და ვალდებულება): შესვლის დაცვა, მოწყობილობების შემოწმება, ადმინებისა და ბუღალტრების შესვლის მეორე დადასტურება, უსაფრთხოების ჟურნალი.
  • თქვენთან კომუნიკაციისთვის: დადასტურების კოდები, უსაფრთხოების გაფრთხილებები, არჩეული შეხსენებები და პასუხები თქვენს წერილებზე.
  • დასახმარებლად და TaxMe-ის გასაუმჯობესებლად (ჩვენი კანონიერი ინტერესი): ვხედავთ, სად ეჭედებიან ახალი მომხმარებლები, ჩატში დახმარებას ვთავაზობთ და ვასწორებთ იმას, რაც ხალხს აბნევს.
  • კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად და უფლებამოსილი ორგანოების კანონიერ მოთხოვნებზე პასუხისთვის.

თქვენს მონაცემებს არ ვყიდით, რეკლამას არ ვაჩვენებთ და მარკეტინგული პროფილირებისთვის არ ვიყენებთ.

4.AI ფუნქციები

ტრანზაქციების დასაკატეგორიზებლად, ასისტენტსა და Telegram ბოტში კითხვებზე პასუხისთვის და RS.GE-ის შეტყობინებების წასაკითხად, კონკრეტული მოთხოვნისთვის საჭირო ტექსტს (მაგ. ტრანზაქციის აღწერა და თანხა, ან თქვენი კითხვა) API-ის მეშვეობით ვუგზავნით OpenAI-ს. OpenAI-ის განცხადებით, API-ით მიღებულ მონაცემებს მოდელების სწავლებისთვის არ იყენებს და მხოლოდ შეზღუდული ვადით ინახავს ბოროტად გამოყენების მონიტორინგისთვის.

AI შეიძლება შეცდეს. წარდგენამდე გადაამოწმეთ მნიშვნელოვანი ციფრები.

5.ვის ვუზიარებთ

მხოლოდ იმ სერვისებს, რომლებიც TaxMe-ის მუშაობისთვის გვჭირდება და მონაცემებს ჩვენი დავალებით ამუშავებენ:

  • ჰოსტინგის პროვაიდერი: სერვერი, სადაც TaxMe და მისი მონაცემთა ბაზა მუშაობს.
  • Cloudflare (R2): სარეზერვო ასლები, რომლებიც ატვირთვამდე იშიფრება, ამიტომ Cloudflare-თან მხოლოდ წაუკითხავი ფაილები ინახება.
  • OpenAI: AI ფუნქციები, როგორც ზემოთაა აღწერილი.
  • Telegram: მხოლოდ თუ ბოტს დააკავშირებთ: შეტყობინებების, შეხსენებებისა და შესვლის დადასტურებისთვის.
  • ელ-ფოსტის პროვაიდერი: დადასტურების კოდების, გაფრთხილებებისა და შეხსენებების გასაგზავნად.
  • ბრაუზერის push-სერვისები (Google, Apple, Mozilla): მხოლოდ თუ push-ს ჩართავთ. ისინი შეტყობინებებს გადასცემენ, შინაარსი კი დაშიფრულია.

ასევე მონაცემებს ვუზიარებთ:

  • შემოსავლების სამსახურს (RS.GE), როცა წარდგენას ან იმპორტს გვთხოვთ.
  • თქვენს ბუღალტერს, თუ TaxMe-ში ბუღალტერთან მუშაობთ. ის თავისი კლიენტების მონაცემებს ხედავს.
  • სახელმწიფო ორგანოებს, როცა ამას საქართველოს კანონი მოითხოვს.

6.მონაცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ

ზოგიერთმა პროვაიდერმა (მაგ. OpenAI აშშ-ში, Telegram, Cloudflare და push-სერვისები) შეიძლება მონაცემები საქართველოს გარეთ დაამუშაოს. ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნილ გარანტიებს და მხოლოდ იმას ვაგზავნით, რაც კონკრეტულ ფუნქციას სჭირდება.

7.როგორ ვიცავთ

  • ყველგან დაშიფრული კავშირი (HTTPS).
  • მგრძნობიარე ველები ბაზაში დაშიფრულია: საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და მისამართი, RS.GE-ის მონაცემები, Telegram ჩატი, AI-ის, ბოტისა და დახმარების ჩატის შეტყობინებები, კლიენტების ჩანაწერები და push-გასაღებები.
  • პაროლები bcrypt ჰეშებად ინახება; შესვლა დაცულია პაროლის შერჩევის მცდელობებისგან.
  • ახალი მოწყობილობის შემოწმება და ადმინებისა და ბუღალტრებისთვის სავალდებულო მეორე დადასტურება (პასკი ან Telegram).
  • დაშიფრული სარეზერვო ასლები და უსაფრთხოების მოვლენების ჟურნალი.

არცერთი სისტემა არ არის აბსოლუტურად დაცული. თუ ინციდენტი თქვენს მონაცემებს საფრთხეს შეუქმნის, კანონის შესაბამისად შეგატყობინებთ თქვენც და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც.

8.რამდენ ხანს ვინახავთ

  • ანგარიში და საგადასახადო მონაცემები: სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის წაშლის მოთხოვნიდან 30 დღეში ვშლით. სარეზერვო ასლებიდან მონაცემები მათი ვადის გასვლისას ქრება: დღიური ასლები 30 დღეში, ყოველთვიური დაახლოებით 13 თვეში.
  • უსაფრთხოების ჟურნალი: 365 დღე.
  • აპლიკაციის გამოყენება (გახსნილი გვერდები და ქმედებები): 90 დღე. დახმარების ჩატი: სანამ ანგარიში აქტიურია.
  • RS.GE-ზე წარდგენის სკრინშოტები: მაქსიმუმ 14 დღე.
  • მოწყობილობების სესიები: ვადის გასვლამდე ან სანამ მოწყობილობიდან გამოხვალთ. სანდო მოწყობილობები: 30 დღე.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ჩანაწერები რამდენიმე წელი შეინახოს. ანგარიშის წაშლამდე ჩამოტვირთეთ საჭირო მონაცემები; მოთხოვნის შემთხვევაში ასლს გამოგიგზავნით.

9.თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოგვთხოვოთ:

  • ინფორმაცია იმაზე, თუ რა მონაცემებს ვინახავთ თქვენზე, და მათი ასლი;
  • მათი გასწორება;
  • მათი წაშლა;
  • დამუშავების შეზღუდვა ან შეწყვეტა;
  • მიცემული თანხმობის გამოხმობა.

ამის დიდი ნაწილი თავადაც შეგიძლიათ:

  • პროფილის რედაქტირება;
  • შეხსენებებისა და push-შეტყობინებების გამორთვა;
  • Telegram-ის გათიშვა;
  • პასკების წაშლა და მოწყობილობებიდან გამოსვლა პროფილში.

სხვა მოთხოვნებისთვის მოგვწერეთ hello@taxme.ge თქვენი ანგარიშის ელ-ფოსტიდან. გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს მონაცემებს არასწორად ვამუშავებთ, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

10.ბავშვები

TaxMe განკუთვნილია ზრდასრულებისთვის, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ ან ბუღალტრად მუშაობენ. ის არ არის განკუთვნილი 18 წლამდე პირებისთვის.

11.პოლიტიკის ცვლილებები

პოლიტიკის შეცვლისას ზემოთ მითითებულ თარიღს განვაახლებთ. მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ ძალაში შესვლამდე აპლიკაციაში ან ელ-ფოსტით შეგატყობინებთ.

12.კონტაქტი

კითხვები ან მოთხოვნები თქვენს მონაცემებზე: hello@taxme.ge.